დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა უკეთესი კონსტიტუცია

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩვენ გვინდა უკეთესი კონსტიტუცია, უკეთესი იმ გაგებით, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის იყოს უკეთ გასაგები და გათავისებული. უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გააცნო.
“საქართველოში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დაწყებულია. შექმნილია 5 სამუშაო ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. ამ ეტაპზე ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კომისიის წევრებისგან და ყველა დაინტერესებული პირისგან მათი მოსაზრებების წარმოდგენა.
ვენეციის კომისია, რომელიც ყოველთვის ჩართულია საკონსტიტუციო პროცესში, დღეს ჩამობრძანდა. წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ეს არის პირველი შეხვედრა, როცა სამუშაო ჯგუფები, მათი წევრები და ხელმძღვანელები ვენეციის კომისიის ექსპერტებს გააცნობენ იმ ჩამონათვალს, რაც ამ ხნის განმავლობაში თითოეულ ჯგუფში შეიქმნა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებს ჯერ არცერთ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციები, პრობლემები განიხილება.
“ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს გაეცნობიან პრობლემებს და შემდგომ დავგეგმავთ კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ზოგ თემაზე კონფერენციები ჩატარდება, ზოგ თემაზე ექსპერტები გამობრძანდებიან, ზოგიერთი საკითხის შესასწავლად კომისიის წევრები შესაძლოა, სხვაგან გაემგზავრნენ. ასე, რომ სექტემბრისათვის რეალურ საქმიანობაზე გადავალთ”, – განუცხადა ჟურნალსიტებს დავით უსუფაშვილმა.
მისივე ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა წლის ბოლომდე – დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, სამუშაო ჯგუფები საქმიანობას შეწყვეტენ. სამუშაო ჯგუფები მუშაობას ივნისის მეორე ნახევრიდან განაახლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები