ქუვეითის დელეგაცია აღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასა და სააღსრულებო წარმოების სპეციფიკას ქუვეითის დელეგაცია გაეცნო.
როგორც „კვირას“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრებმა ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა.
განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული საქმისწარმოების სერვისებმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სტუმრებს სააღსრულებო წარმოების ახალი კოდექსის პროექტით დაგეგმილი ინოვაციური რეფორმები და ინსტიტუციური ცვლილებებიც წარუდგინა, რომლითაც საქართველოში სრულიად ახალი სააღსრულებო მოდელი იქმნება.
ქუვეითის დელეგაცია საქართველოს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის (WBG) მხარდაჭერით სტუმრობს.
დელეგაცია ქუვეითის პირდაპირი ინვესტიციების ხელშეწყობის ორგანოს (KDIPA) ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არსებული კომიტეტის წევრებისგან შედგება. სასწავლო ტური ორგანიზებულია მსოფლიო ბანკის პროექტის “საინვესტიციო გარემოს რეფორმის ხელშეწყობა ქუვეითში” ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქუვეითის მთავრობას Doing Business ინდიკატორების გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დელეგაცია ეცნობა საქართველოს გამოცდილებას ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. საქართველოს გამოცდილების გაზიარება ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოს დაეხმარება ბიზნეს-გარემოსა და Doing Business რეიტინგების გასაუმჯობესებლად ეროვნული რეფორმის მომზადებაში.
Doing Business-ის 2019 წლის ანგარიშით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.
კონტრაქტების აღსრულების ნაწილში კი მე-8 ადგილს იკავებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქუვეითის დელეგაცია 12 დეკემბერს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები