საქართველოს ისრაელიდან ახალგაზრდა დიპლომატები ეწვივნენ

    საქართველოს ისრაელიის ახალგაზრდა დიპლომატები ეწვივნენ. ისრაელის საელჩოს ცნობით, ისინი ქვეყანაში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრენინგპროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ. სტუმრები ისრაელის ელჩთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალკალიანს შეხვდნენ, რომელიც მათ საქართველოს პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
ამასთან, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესახებ. ახალგაზრდა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მომავალში საქართველოში სიამოვნებით იმსახურებენ. სტუმრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვივნენ, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრები ჰქონდათ ებრაული თემის, კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
დიპლომატების თქმით, ეს ვიზიტი ტრენინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რამდენადაც მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს საელჩოს საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ და დასძინეს, რომ სახლში უაღრესად დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან. გასულ ნოემბერში საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის ელჩების ყოველწლიური რეგიონული შეხვედრა მოაწყო, რომელსაც კავკასიისა და აზიის რეგიონებში წარგზავნილი 20-ზე მეტი დიპლომატი დაესწრო. ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს მიაჩნია, რომ საქართველოს მიღწევებისა და გამოწვევების წარმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები სამომავლოდაცაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები