“სანტას ქუდები” – “მზის შვილების” მორიგი პროექტი შშმ ბავშვების დასახმარებლად

0

ორგანიზაცია „მზის შვილებისა“ და მათი მეგობრების ძალისხმევით გახსნილმა სოციალურმა საწარმო/სამკერვალომ პირველი პროდუქციის – “სანტას ქუდების” რეალიზაცია დაიწყო.
როგორც “მზის შვილების” “ფეისბუქგვერდზე” განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საწარმოს მოწყობას, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შეკერავს.
ტანსაცმელზე დატანილი იქნება პიქტოგრამები სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის აღმნიშვნელი შინაარსით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე უნდა გაგიზიაროთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, როგორც იქნა, სისრულეში მოგვყავს პროექტი, რომელზეც ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე იქნება დამოკიდებული. ყველამ იცით, რომ სოციალური საწარმო/სამკერვალოს გახსნას ვგეგმავთ დიდი ხანია. ამ იდეას თითქმის 7 წელია ვატრიალებთ და პირველი ჩვენება წელს, 21 მარტს გვქონდა. თუმცა, დღემდე, რიგი მიზეზების გამო, პროექტის განხორციელება ძალიან ნელ ტემპებში მიმდინარეობდა.
დღეიდან სულ სხვა ამბები იწყება.
პირველ ეტაპზე შევკერეთ “სანტას ქუდები” საწარმო “ანინას” სახელით და ვიწყებთ ამ პროდუქტის ქსელში გაშვებას. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საწარმოს მოწყობას, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელს ბავშვებისა და მოზარდებისთვის შეკერავს. ტანსაცმელზე დატანილი იქნება პიქტოგრამები სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის აღმნიშვნელი შინაარსით, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია!
საწარმოში ჩვენი ბავშვების მშობლები დასაქმდებიან. ამით მუდმივი შემოსავალი გაუჩნდებათ მათ და ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
ხოდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
შეიძინეთ ჩვენი ქუდები, გახდით ჩვენი მეგობრები – თქვენ დიდი საქმის თანამონაწილეები ხართ!
ჩვენი ულამაზესი ქუდები, რომელიც ჩვენ და თქვენ ერთნაირად გაგვილამაზებს ახალ წელს, 10 ლარი ღირს” -აღნიშნულია ინფორმაციაში.
“სანტას ქუდის” შეკვეთა შესაძლებელია, როგორც “მზის შვილების” “ფეისბუქგვერდზე”, ასევე შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 555 55 15 26.

კომენტარები

კომენტარი