გოეთეს ტრაგედია „ფაუსტის“ შესახებ ლექციათა ციკლი ჩატარდება

17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ტრაგედია „ფაუსტის“ შესახებ ლექცია ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სულ 4 ლექცია გაიმართება და ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს  ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი კონსტანტინე ბრეგაძე წარუძღვება.
ფაუსტის პერსონაჟი: ფაუსტი როგორც „რომანტიკოსი“, ტექნოკრატი, კოლონიზატორი, სოციალუტოპისტი.
ლექციაში საუბარი იქნება ფაუსტის, როგორც პერსონაჟის, რთულ და წინააღმდეგობრივ შინაგან არსზე, თუ როგორ გადაიქცა ის ინდივიდუალისტი რომანტიკოსი პერსონაჟიდან სოციალუტოპიებით შეპყრობილ კოლონიზატორ და ტექნოკრატ პერსონაჟად. ფაუსტის ეს რადიკალური მეტამორფოზა ამავდროულად ასახავს თავად პარადიგმის ცვლას დასავლური კულტურის ისტორიაში: კერძოდ, თუ როგორ გადაიქცა საკრალური ცნობიერება რაციონალისტურ ცნობიერებად, ხოლო გონი (Geist) – გამომომთვლელ რაციოდ.
ამასთან, საუბარი იქნება თავად ფაუსტის შინაგან ანთროპოლოგიურ არსზეც, მის მუდმივ მიმოქცევაზე ცნობიერ და არაცნობიერ საწყისებს შორის, რის ფონზეც მისი პერსონაჟი ვლინდება ტიპიურ „ქცევით“, არამყარ პერსონაჟად, როდესაც მის ანთროპოლოგიურ არსში ირაციონალური საწყისი ხშირად ზემოქმედებს და ანეიტრალებს ცნობიერ საწყისს, რაც იწვევს მის არაპროგონოზირებად, სტიქიურ და იმპულსურ ქცევას. ამ არამყარობით ფაუსტი გვევლინება მოდერნისტული ყაიდის პერსონაჟის ერთგვარ წინასახედ.

დასწრება თავისუფალია.
მის. გუდიაშვილის 7, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები