„სირიიდან აფხაზეთში რეპატრიანტების ჩასვლა არასასიამოვნოა, ქართველების სახლებში შედიან, მომავალში, შესაძლოა, დემოგრაფიული სურათი შეიცვალოს“

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან რეპატრიანტების ჩასვლის პროცესი რუსეთის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგია, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რომ როგორმე სირიაში მაცხოვრებელი აფხაზები აფხაზეთში ჩაეყვანა, რადგანაც ისინი თავის საყრდენად ეგულებოდა.
„აფხაზეთში სირიიდან 800 რეპატრიანტი ერთად არ ჩასულა. ეს არის რიცხვი, რომლსაც ანგარიშობენ დაახლოებით, 2012 წლიდან. მეტსაც გეტყვით, 2001 წლიდანაა ჩასული 800 ადამიანი. პირველი რეპატრიანტები გამოჩდნენ 2000 წელს, ეს იყო ერთი სირიული ოჯახი, დედა, მამა da 5 შვილი. დღემდე აფხაზეთში ცხოვრებენ. პატარა პრეისტორია რომ გავაკეთოთ: მათ ჰქვიათ მოჰაჯირთა შთამომავლები, რომლებიც თავის დროზე მე-19 საუკუნეში, 60-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს. ისინი ცხოვრობდნენ ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სირიაში, იორდანიაში, აჭარაშიც. სირიის კონფლიქტის დროს დაიწყო მათი დაბრუნება უკან, აფხაზეთში, აფხაზეთის ე.წ. ხელისფულებამ ეს ნაბიჯი გადადგა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მთელ ამ ამბავში, ეს არის რუსეთის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგი. აფხაზებს უნდოდათ, დაებრუნებინათ თავიანთი რეპატრიანტები, მუჰაჯირების შთამომავლები თურქეთიდან. რამდენიმე ვიზიტი ჰქონდათ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს ამ მიზეზით თურქეთში, მაგრამ, ამას ვერ მიაღწიეს. თურქეთიდან რეპატრიანტების დაბრუნებას მოსკოვი ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა. თურქეთში მაცხოვრებელი აფხაზები, ძირითადად, რბილად რომ ვთქვათ, არარუსული ორიენტაციის არიან, განსხვავებით, სირიაში მცხოვრები აფხაზებისგან. ამიტომაც, მოსკოვი დიდ ძალისხმევას დებდა იმაში, რომ როგორმე სირიაში მცხოვრები აფხაზები ჩამოეყვანა აფხაზეთში, რადგანაც თავის საყრდენად ეგულებოდა. თუმცა, ამ 800 კაციდან ყველა აფხაზების შთამომავლები არ არიან, იქ არიან არაბები, 20-მდე ავღანელია. ყველანი ამ 800 კაცში გადიან. ისინი განასახლეს ქართველების სახლებში, გულრიფშის რაიონში რამდენიმე სახლი აუშენეს, პატარა კვარტალივით გააკეთეს. როგორც აფხაზი სოციოლოგები ამბობენ, მათგან 10-12 ადამიანია კმაყოფილი, სამსახურს ვერ პოულობენ და ენის პრობლემა აქვთ. ცდილობენ, რუსული პასპორტი მიიღონ და რუსეთში გადავიდნენ. ხიფათზე თუ ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ეს არასასიამოვნოა. დემოგრაფიული თვალსაზრისით, მომავალში ეს სურათს შეცვლის, თუ ისინი იქ დამკვიდრდნენ. ეჭვი მეპარება, უმეტესობა იქ დამკვიდრდეს.
ვიმეორებ, არ არის სასიამოვნო, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველების სახლებში შედიან. ამ რიცხვს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენთვის, მაგას ვერ ვიტყვი“, – განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სირიიდან რეპატრიანტები შეიძლება, არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ მებრძოლები, თუნდაც ტერორისტები იყვნენ, არეშიძე აცხადებს, რომ ტერორიზმის ხიფათი არამხოლოდ აფხაზეთიდან, არამედ, ზოგადად, ყველა მხრიდან არსებობს.
„ეს ყურით მოთრეული ამბავია. პრინციპში, დღეს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ იქ ყველაფერს. ბოევიკები და ტერორისტები, შესაძლებელია, იყვნენ ამ ჯგუფში, ოღონდ დარწმუნებული იყავით, რომ ესაა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჯგუფი მთლიანად. თუ იქ არიან ბოევიკები და ტერორისტები, ისინი დამოუკიდებელ მოქმედებას ვერ დაიწყებენ. ტერორიზმის ხიფათი, ზოგადად, არსებობს ყველა მხრიდან, არა მხოლოდ აფხაზეთიდან, ამაში ჩატაევის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა“,- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში 800-მდე სირიელი რეპატრიანტი ჩავიდა. ამის შესახებ განცხადება სააგენტო „რია ნოვისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააკეთა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები