თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა

კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა.
საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.
სექცია „ქართულ პანორამას” ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის” და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის” დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები აფასებდნენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები კონკურსის საერთაშორისო მონაწილეებს შორის შეირჩნენ. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:
“ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმი) – “ბროლის გედი” (ბელორუსია, აშშ, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, 2018), რეჟისორი: დარია ჟუკი.
“ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურა) – “მშვიდი ღამე ” (პოლონეთი, 2018), რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი.
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა მარტინა აპოსტოლოვას, მთავარი როლისთვის ნადეჟდა კოსევას ფილმში „ირინა”, (ბულგარეთი, 2018).

სექციაში “ქართული პანორამა” წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

“ქართული პანორამის” გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი – “აღლუმი”, რეჟისორი ნინო ჟვანია, (საქართველო, 2018).
საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი – “ლანწკი პაპას მოპარული ხარი”, რეჟისორები ელენე ნავერიანი და თომას რაიშლინი (საქართველო, 2018).
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი – “საშლელი”, რეჟისორი დავით ფირცხალავა (საქართველო, 2018).
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაეცა ფილმს – “გამჭვირვალე სამყარო”, რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო, 2018).
პირველი არხის გადაცემა „ილუზიონის“ რჩეული იტალიელი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმი სახელწოდებით „ბიჭები ტირიან“ გახდა.
დაჯილდოების შემდეგ მაყურებელმა რუპერტ ევერეტის ფილმი „ბედნიერი უფლისწული“ ნახა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები