ბელგიის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თქვენთან ერთად, აქ, ბრიუსელში, რათა ერთად გადავხედოთ საქართველოს წარსულის გაკვეთილებს, მიმოვიხილოთ ჩვენი პარტნიორობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები“,- მიმართა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინიტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 1918 წლის 26 მაისი გაიხსენა, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შექმნა ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოში.
მანვე ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმ გზაზე, რომელიც საქართველომ განვლო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
“წელს ევროკავშირი ზეიმობს აღმოსავლეთით გაფართოების 10 წლისთავს. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმ უდიდესი სარგებელისა, რომელიც ევროკავშირის ამ ისტორიულმა გაფართოებამ მოუტანა, როგორც ახალ წევრ ქვეყნებს, მათ მოსახლეობასა და ეკონომიკას, ასევე ძველ წევრ-სახელმწიფოებს. მან მიგვიყვანა უფრო ფართო, ერთიან ბაზრამდე, მნიშვნელოვანი ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებით. შედეგად მივიღეთ უფრო კონკურენტუნარიანი ევროპა და შესაძლოა, ამან ევროპელებს შეახსენა, რომ ევროკავშირი წარმოადგენს არსებითად პოლიტიკურ პროექტს, რომელიც მოწოდებულია განავრცოს მშვიდობა დადემოკრატია მთელს კონტინენზე.
საქართველო ამ ოცნების მოზიარეა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია ასევე შევიტანოთ გარკვეული წვლილი ამ ევროპული პროექტის შემდგომ წარმატებულ განხორციელებაში. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია. ისმის კითხვა, რამდენად შორს და რამდენად სწრაფად შეგვიძლია წინსვლა ამ გზაზე? რამდენადაც ევროპარლამენტის არჩევნები ხვალ იწყება, იმედს გამოვთქვამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ქართველი ხალხიც გახდება ამ უდიდესი დემოკრატიული მოვლენის მონაწილე“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.