ივანე ასკურავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

8 დეკემბერს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში,  XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის წარმომადგენლის, ივანე ასკურავას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს გამოფენების ციკლს – „მხატვრობა ბალეტში“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექსპონატები ივანე ასკურავას ოჯახის პირადი ფონდებიდან და კოლექციებიდან. ესკიზები არა მხოლოდ საბალეტო სპექტაკლებიდან, არამედ საოპერო და დრამატული წარმოდგენებისთვის შექმნილი ჩანახატები, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია.
განსაკუთრებული ადგილი უკავია ივანე ასკურავას შემოქმედებაში ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომრომლობას. მან გააფორმა ჭაბუკიანის თითქმის ოცამდე საბალეტო სპექტაკლი: „მთების გული“, „ჟიზელი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „მშვიდობისათვის“, „დემონი“, „ვალპურგის ღამე“ და სხვა.
დამთვალიერებელი იხილავს ექსპონატებს საბალეტო სპექტაკლებიდან: „ლაურენსია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ბაიადერა“, „ფაუსტი“, „დონ კიხოტი“, „დემონი“, რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად შექმნილი სპექტაკლიდან – „ტოსკა“, საოპერო სპექტაკლიდან „ტრუბადური“ (მ.კვალიაშვილი), აგრეთვე, ქართული ხალხური ცეკვებისთვის შექმნილ კოსტიუმების ესკიზებს.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები