„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში” – სტამბოლში ნატო მარშანიას  წიგნის წარდგენა გაიმართება

7 დეკემბერს, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით,  ნატო მარშანიას  წიგნის – „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში” – წარდგენა გაიმართება.
ამ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე ისტორიის დოქტორი, როზეტა გუჯეჯიანი ავრცელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ქართულ და თურქულ ენებზე გამოიცა ნატო მარშანიას შესანიშნავი წიგნი – “აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში”.
წიგნის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი მამულია. ის გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალური კვლევის უმაღლესი სკოლის დოქტორი. წიგნი თურქულად თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).
წიგნი მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი. მასში დოკუმენტურ მასალაზე – საისტორიო წყაროებზე – დაყრდნობით წარმოდგენილია რუსეთისაგან 1921 წელს ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიები; ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის – აფხაზეთის – ყოფაში.
ვიმედოვნებ, რომ ფრიად საყურადღებო შედეგის მომტანი იქნება ქართველი, აფხაზი და თურქულენოვნი მკითხველისათვის მთელი ამ დოკუმენტური ქრონიკის მიწოდება. ასევე, განსაკუთრებით ძვირფასია მკითხველისათვსი წიგნში აღწერილი ისტორიები, რომლებიც წარმოაჩენს ევროპაში ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიან ეროვნულ – ქართულ – ცნობიერებას, მათ მცდელობას – ქართველ ემიგრანტებთან ერთად – წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
მოვიყვან ერთ ციტატას ვლადიმერ ემუხვარის წერილიდან: „როგორც ქართველი ინტელიგენტი, მე ერთგულად და პატიოსნად ვემსახურებოდი საქართველოს ინტერესებს აფახაზეთში. მაგრამ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს ისიც უნდა ესმოდეთ, რომ როგორც აფხაზი ინტელიგენტი, მოვალე ვარ დაუღალავად ვემსახურო აფხაზეთის ინტერესებს საქართველოში, რათა ქართველმა ინტელიგენტებმა საქართველოსი და, მასთან ერთად, აფხაზეთის ბედიც არ წააგონ”.
ეს სიტყვები დღესაც, სამწუხაროდ, აქტუალურია და მე, როგორც ამ წუთშიც რუსეთისაგან ოკუპირებულ აფხაზეთში ორი კარ-მიდამოს დამკარგავი ოჯახის შვილი, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვმუშაობდეთ – ქართველებიც, აფხაზებიც. ჩვენ კვლავ ერთად უნდა ვიცხოვროთ ერთ სამშობლოში. ეს წიგნი ძალიან დიდ ცოდნას შეიტანს მკითხველ საზოგადოებაში.
მადლობა მის ავტორს, მთარგმნელს, რედაქტორს, გამომცემლებს და იმ თურქეთელ ქართველებს, რომლებიც ემზადებიან წიგნის პრეზენტაციისათვის. წიგნის წარდგენა შედგება სტამბოლში, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით. გაიმართება გამოფენა და ფილმის ჩვენება. შესრულდება ქართული და აფხაზური სიმღერები და ცეკვები, რაშიც თავისი წვლილი შეაქვს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლს. წიგნს ვუსურვოთ ბევრი მკითხველი, ღონისძიებას კი წარმატება!“- წერს როზეტა გუჯეჯიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები