საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კიბერსავარჯიშო „CYBER-EXE საქართველო 2018“ გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით, მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა, რომლის მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. გახსნის ცერემონიას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე პირიტ პიკერი დაესწრო, რომელმაც მონაწილე გუნდებს წარმატება უსურვა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეხუთედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში“, − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები.
მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას „წითელი და ლურჯი“ ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.
„როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. ახლა სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო სამი ღონისძიება მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული და სავარჯიშოების პროგრამაც ჩვენი სპეციალისტების მიერაა შედგენილი. დღევანდელ ღონისძიებაში 25-მდე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, − განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერმა დავით ქვათაძემ.
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა. თითოეული გუნდი, მინიმუმ, ერთი და, მაქსიმუმ, სამი წევრისგან შედგება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 60-ს აღემატება.
სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პირველი „CYBER-EXE საქართველო“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია „ჰუავეი“ (Huawei) და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO-GEORGIA PDP).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები