„თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი“ – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება
6 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში, გაიმართება ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ასევე შეხვედრა რაჟისორებთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმებს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში უჩვენებენ. ეს ფილმებია: „დელგმა” (ანი კვიჭიძე, 2017), „ახალი წელი” (გიორგი სიხარულიძე, 2018), „ბარი” (დავით ჯაფარიძე, 2018), „საშლელი” (დავით ფირცხალავა, 2018), „დიალექტი” (დავით გურგულია, 2018).
ანა კვიჭიძის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დელგმა” შთაგონებულია ქართული ფოლკლორით და მითოლოგიით.
ბავშვობის შემდეგ, ნანო პირველად ჩადის სოფლის სახლში. სოფელში მას ხვდება დელგმა – გადაუღებელი წვიმები. ადგილობრივები, მეზობლად მცხოვრები ფაცო ბებო და ნანოს თანატოლი გოგონები ღრუბლებს შელოცვებს უთვლიან და ასე ებრძვიან ავდარს. ნანო თავისდაუნებურად ამ უცნაური რიტუალების მონაწილე ხდება.
„ახალი წელი“ გიორგი სიხარულიძის ფილმია. მამის სურვილი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას მეუღლისა და შვილისთვის რთულად აღსაქმელი აღმოჩნდება.
დავით ჯაფარიძემ მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რულეტი“ მცირე ბიუჯეტით გადაიღო, თუმცა ფილმი მაინც მოხვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ფილმი „ბარი“ პროტესტით, შურისძიებით, ალკოჰოლით და ეგოთი მოტივირებული ოთხი სხვადასხვა ისტორიაა. მოქმედება ხდება ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ბარში.
დავით ფირცხალავა არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი სცენარის, ასევე პიესების ავტორი. გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „მამა“ (2015) და „საშლელი“ (2018).
ფილმში „საშლელი“ კაცი იპარავს მაღალი საცხოვრებელი შენობის ხის ღობეს. მეზობლის შვილი ჩამოვარდება ღობიდან და იღუპება. კაცი გარდაცვლილი ბავშვის ჯიბეში საშლელს იპოვნის. ის ცდილობს, აღიაროს თავისი დანაშაული ბავშვის მამასთან.
„დიალექტის“ რეჟისორს დავით გურგულიას გადაღებული აქვს 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ერთ-ერთი მათგანის პრემიერა შედგა კარლოვი – ვარის კინოფესტივალზე. ამჟამად, დავითი მუშაობს ქართულ-პოლონურ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით „და სხვები“….
ღმერთის ენის შესწავლა შეუძლებელია, თუკი ამ ენაზე ადამიანი თვითონ არ ლაპარაკობს. ამ ენის არც ჩაწერა შეიძლება და არც გამრავლება. ამ გაფრთხილების მიუხედავად, ხმის ინჟინერი, სახელად მითრა, ამ წმინდა ადგილისკენ მიემგზავრება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ ენაზე მეტყველება ჩაიწეროს. ტექნიკური აღჭურვილობით შეიარაღებული მითრა მდუმარე — მისტიკით გაჯერებულ, რიტუალებით მდიდარ სამყაროში აღმოჩნდება. თუმცა, თემის წევრებთან ერთად ნაკრძალში გატარებული შვიდი დღე შეცვლის არა მხოლოდ მითრას, არამედ მათაც, ვინც ღმერთის ენაზე საუბრობს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 9 დეკემბერს დაიხურება.