„უზომოდ უყვარს თელავი და ამიტომ ესტუმრა ასე უხმაუროდ, რომ მოფერებოდა თელავსა და თელაველებს“…

რატომ გადაწყვიტა ინაუგურაცია სალომე ზურაბიშვილმა თელავში?! – ამ სათაურით აქვეყნებს სტატუსს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტი კულტურისა და სპორტის საკითხებში ლეილა ლეგაშვილი.
„კვირა“ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
რატომ გადაწყვიტა ინაუგურაცია სალომე ზურაბიშვილმა თელავში?!
პატარა ამბავს მოგიყვებით, თუ როგორ შეხვდა ფერისცვალებას თელავში, როგორ უყვარს ეს ისტორიული ქალაქი და როგორ სტკივა და უხარია, რაც ამ კოპწია ქალაქს ეხება.
18 აგვისტოს კახეთს სტიქიამ გადაუარა, განსაკუთრებულად თელავი და ახმეტა დააზარალა.19 აგვისტოს ფერისცვალების დღეს, სისხამ დილით ,როდესაც ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს ქალბატონი სალომე მეგობრებთან ერთად თელავის ღვთისმშობლის ეკლესიასთან იდგა, უკვე შემოვლილი ქონდა დაზიანებული ქუჩები… სკვერები (ამ დროს ქალბატონი სალომე არ გახლდათ საპრეზიდენტო კანდიდატი)… შემდეგ ვუმეგზურე და ახმეტისკენ წავედით, რათა სურვილი ჰქონდა სოფლების მდგომარეობა ენახა.ახშანში გავჩერდით, იქვე ვენახებში შევიდა და თვალცრემლიანი უყურებდა სეტყვისგან ჩამობერტყილ ვაზებს. მის დანახვაზე უცებ მოიყარეს სოფლის მაცხოვრებლებმა თავი,გლეხები საოცარი მოწიწებით ექცეოდნენ მოულოდნელ სტუმარს, სახლში ეპატიჟებოდნენ,გულს უშლიდნენ, ეს იმდენად ბუნებრივი იყო, ნათლად იკვეთებოდა გლეხი ხალხის თვითნაბადი კულტურა და ინტელექტი ქალბატონის მიმართ. ქალბატონი სალომე დიდხანს საუბრობდა მათთან, მათ გულისტკივილს იზიარებდა, ამხნევებდა…
იყალთოში დავბრუნდით, სევდა და ტკივილი ბოლომდე არ განელებია, რეკავდა ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა და გლეხების დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას სთხოვდა… ნახევარი ფინჯანი ყავის მეტი არაფერი უსიამოვნია, რადგან ძალიან გადარდიანებული იყო… ვეცადე, ცოტა პოზიტივი შემეტანა და როგორც სჩვევია ჩემს ოჯახს, პატარა კონცერტი მოვაწყე, პოეზიის თანხლებით.
როდესაც გაიგო ჩემი შვილი ანა მუზეუმში მუშაობდა, ბევრი ესაუბრა და უთხრა, რომ უზომოდ უყვარდა თელავი და ამიტომ ესტუმრა ასე უხმაუროდ რომ მოფერებოდა, თელავსა და თელაველებს, მის ქუჩებში ფეხით გაევლო, ჩაესუნთქა ცივგომბორის ნიავი, დამტკბარიყო კავკასიონის ცქერით, ერეკლეს მუზეუმი მოენახულებინა და სწორედ იქ ყოფილიყო, სადაც იმ წუთებში სტკიოდა კახეთს.
გამგზავრებისას კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა ერეკლეს მუზეუმს ისევ, რადგან ამაყობდა, რომ კახელი იყო და ამ კუთხის სიყვარული გულით დაჰქონდა.
ქალბატონმა სალომემ, თავისი გადაწყვეტილებით მთელ საქართველოს და მსოფლიოს უჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თელავი მისთვის საყვარელი და საამაყო ქალაქია.
…ჩვენ კი, თელაველებმა გამოვიჩინოთ ჩვეული სიდარბაისლე და მთელ მსოფლიოს ვუჩვენოთ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლები ვართ და ამას ვათვითცნობიერებთ!“ – წერს ლეილა ლეგაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები