სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. სპეციალურმა კომისიამ სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დაითვალა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. 698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.
„დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები“,- აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლი მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება.