შიხიაშვილი: სააკაშვილი და ალასანია ეძებდნენ სნაიპერს, იმისთვის, რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ისრაელის გაზეთში გამოქვეყნდა, რომელსაც „იედიოთ ახრონოთ“ ჰქვია.
„25 ნოემბერს ისრაელის გაზეთმა, რომელსაც მარტო ისრაელის მოსახლეობა კი არ კითხულობს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური და საქმიანი წრეები, გაავრცელა ინფორმაცია CGI ჯგუფის ცნობაზე დაყრდნობით, რომ საქართველოში იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და ამას გეგმავდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია.
რაც შეეხება ამ ინფორმაციის ნამდვილობას, ძალიან მარტივი დასადგენია. CGI- ის პრეზიდენტი არის იაკობ პერი, „მოსადის“ ყოფილი დირექტორი. ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს ან სუბიექტებს უსაფრთხოებისა და სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვებაში უწევს მომსახურებას.
როცა ჟურნალისტი უსვამს კითხვას CGI- ის ხელმძღვანელობას, ისინი პასუხობენ, რომ დაიქირავა საქართველოს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა, რათა საარჩევნო კამპანიის დროს ყველა რისკი და საფრთხე ყოფილიყო აღმოფხვრილი.
მითითებულია, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერება მოხდა სერიოზულ, კრიმინალურ სინდიკატთან შეხვედრის დროს. არსებობს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადგენილია.
ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულ იქნა ამ მაღალი კლასის სპეციალისტებისგან, ხაზს უსვამს იმას, რომ პირველად მათ ხელში ჩაუვარდათ ცნობა, რომლის თანახმადაც ეძებდნენ მაღალი კლასის სნაიპერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ.
როგორც გაზეთშია ნათქვამი, ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
იაკობ პერი აღნიშნავს, რომ ისინი კლიენტების ინფორმაციას არ გასცემენ მათი თანხმობის გარეშე, თავად საქარველოს მხარეს აინტერესებდა ამის გასაჯაროება და ამიტომ გავასაჯაროვეთ ეს ინფორმაციაო.
ეს განზრახვა აღმოფხვრილი იქნა იმ ეტაპზე, მაგრამ რისკები რჩება“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისი თქმით, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების მოწყობას ცდილობენ.
„ეს აღარ არის უკვე საბოტაჟი. პირდაპირ სახელი რომ დავარქვათ, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები