შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ამ დროისთვის, უწყებაში 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა, მათი ნახევარი რეგიონებიდანაა.
“სამინისტრო იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს აძლევს შანსს, გაიაროს კონკურსი და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მოხვდეს. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ფასიან სტაჟირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაივლიან. სისტემური განახლების ფარგლებში, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე, საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით. უწყებამ უკვე შეაფასა მოქმედ გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა.
სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამაც, გაიზარდა გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც არის უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები