თბილისის საკრებულო: ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში ჩვენი თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს

თბილისის საკრებულო ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს განცხადებით ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მათი თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს. ​მათივე თქმით, საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
“გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს. დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს”,- ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლე ჯონი გიგანზე თავდასხმის ფაქტზე, 1 პირი ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები