დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციოდ, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, მეორე დღეა, ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ.
როგორც “კვირას” მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს, ეტაპობრივად, უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამივე რეგიონში მეორე დღეა, ატარებს სტიქიის სალიკვიდაციო აუცილებელ ღონისძიებებს. აქტიურად მიმდინარეობს ზარალის შეფასება. იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო კორპუსების დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები.
ვიცე – პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პირადად ეცნობა სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას. რეგიონში მოქმედი საგანგებო შტაბი ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად. ​
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. სამივე რეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებშიც ეხმარებიან მოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებაში და წაქცეული ხეებისგან ჩახერგილ გზებს წმენდენ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შტაბები, შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩეს მარტო იმ პრობლემის წინაშე, რაც მათ სტიქიის შედეგად შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები