თბილისის საკრებულოში ღონისძიება – „ამბები ძლიერ ქალებზე“ გაიმართა
თბილისის საკრებულოში პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” გაიმართა, რომელიც ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს ტარდება. პროექტის ავტორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, 1 დეკემბერის ღონისძიების თემა „ამბები ძლიერ ქალებზე“ იყო, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ და კავშირის – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარემ, ფილოსოფოსმა, პროფესორმა, ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინეს.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი, ასევე, ბათუმის საკრებულოს წევრი ქალები ესწრებოდნენ. როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ბოლო თემა სწორედ ქალებს ეძღვნება. მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება გამოხმაურებაა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიისა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
„ყოველი თვის პირველ შაბათს თბილისის საკრებულოს კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს და უყვარს თბილისი. დღევანდელი თემა გამოხმაურებაა იმ რეალობისა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ახალ ერაში გადავდივართ, როდესაც ისტორიამ ქალები უნდა დაინახოს და წლის ბოლო ღონისძიება სწორედ ძლიერ ქალებს მივუძღვენით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა მე-19 საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე ქალების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართულ კულტურაში, პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში. მან ყურადღება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრ ქალებზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ანასტასია წერეთელზე და ეკატერინე მესხზე, მათ მოღვაწეობაზე და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გაამახვილა.
ლელა გაფრინდაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბარბარე ჯორჯაძეზეც, რომელიც, მისი თქმით, პირველი პოლემისტი, დრამატურგი და ფემინისტი ქალი იყო საქართველოში.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის დარბაზში, თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს მოღვაწე, ქალთა უფლებების დამცველი და 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრ ქალთა ფოტოგამოფენა მოეწყო.