მდგრადი განვითარებისთვის, სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვით განათლებაზე ესაუბრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე სკოლა “მთაწმინდელების” დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ. ვაკის მედიათეკაში შეკრებილ ბავშვებს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა.
როგორც “კვირას” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, შეხვედრა მულტფილმის – “ბოცო და გვანცას” ჩვენებით დაიწყო, რის შემდეგაც ბავშვებმა ბუნებაში სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, დაათვალიერეს “წითელ წიგნში” შეტანილი სახეობები, ინფორმაცია მიიღეს კვებითი ჯაჭვის შესახებ და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით თვითონ გააანალიზეს, რა შედეგები მოჰყვება კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე სახეობის გაქრობას.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსგავსი ტიპის აქტივობების მიზანს სკოლის მოსწავლეებისათვის ასაკის შესაფერისი აქტივობებით გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები