„ნატოს სამიტი საქართველოსთვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ჩვენი პროგრესი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველო ურთიერთობებზე და ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლის ბოლოს ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგაც კი ქართული მხარე მზადაა დარჩეს ავღანეთში და გამოცდილების გაზიარების გზით მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.
„2008 წელს, ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართა ბუქარესტში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება მისი წევრი. ეს პრინციპული პოზიცია აპრილში კიდევ ერთხელ დაადასტურა გენერალურმა მდივანმა, რასმუსენმა. ნატოს მომავალი სამიტი უელსში საქართველოსათვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი და მისი, როგორც მოკავშირეთა ერთგული და სანდო პარტნიორის, როლი და დაისახოს კონკრეტული ნაბიჯები გაწევრიანებისაკენ. როგორ მოგეხსენებათ, საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. წლის ბოლოს ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგაც კი ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ ავღანეთში და გამოცდილების გაზიარების გზით მონაწილეობა მივიღოთ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა, საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოიცავს ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ბირთვული იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში. შავი ზღვის რეგიონის გეოსტრატეგიული დინამიკა მუდმივად იცვლება. შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირსა და აშშ-ს, კვლავაც საკვანძო როლი შეასრულონ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მათი მხარდაჭერა და მონაწილეობა პროცესებში შედეგს მოიტანს და გაავრცელებს არაორაზროვან გზავნილს, რომ დემოკრატია, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმატებული შეიძლება იყოს ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები