რომან კაკულია: ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებდი, კანონმდებლობა მაქსიმალურად გამკაცრდეს ბიუჯეტის თანხების ხელყოფასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით

იმედი მაქვს, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც ყველა მის წინამორბედს ჰქონდა, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან დამთავრებული მიხეილ სააკაშვილით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორუფციასა და მსგავს საკითხებზეც აუცილებელია რეაგირება.
„იმედი მაქვს, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც ყველა მის წინამორბედს ჰქონდა, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან დამთავრებული მიხეილ სააკაშვილით. ყველას ისეთი შეცდომა ჰქონდა, საიდანაც თავის დაღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იმ არხებს გააფართოვებ, საიდანაც ინფორმაციას იმისთვის იღებ, რომ საკუთარი დასკვნები გააკეთო. იმედი მაქვს, რომ მის შეფასებებში გაჩნდება საშუალო დონეზე კორუფციის არსებობის სიგნალების რეაგირების აუცილებლობა ისევე, როგორც სხვა თემებზე. ეს თემა გამოგონილიც რომ იყოს, როგორც თავად ამბობს, სიცრუის მანქანის მიერ, ამ შემთხვევაშიც კი, რეაგირება აუცილებელია. მთავარია, საზოგადოებაში იმის აღქმა არ არსებობდეს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონემ იმატა”, – აღნიშნა კაკულიამ.
დეპუტატი აცხადებს, რომ მთავრობის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს მიესალმება.
„ქვეყანაში ადამიანებს ეუბნები, რომ დიდი ხანი იქნება საჭირო იქამდე, ვიდრე კეთილდღეობა დადგება. ამ მოთმინებისკენ მოწოდების უფლება მხოლოდ იმ მთავრობას აქვს, რომელიც თავად ბევრად უფრო სუფთაა. ადამიანი, რომელიც 25 წელია სახელმწიფო სამსახურში ვარ, ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებდი, კანონმდებლობა მაქსიმალურად გამკაცრდეს ბიუჯეტის თანხების ხელყოფასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. ეს არის ორი კონკრეტული ღონისძიება, რომლის გატარება აუცილებელია, რათა გუნდის მიმართ ნდობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ეს კითხვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ. ასეთი სახის დარღვევების შემთხვევაში სიმკაცრე იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არავის აზრად არ მოუვიდეს ტენდერებსა და ამ სხვა ტიპის ქმედებებში საბიუჯეტო თანხებისთვის ხელის ხლება. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს, თუ ნდობა გვინდა”, – აცხადებს დეპუტატი “პირველ არხთან” საუბრისას. .
კაკულია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად არ ხდებოდა.
„ადამიანები იმ პრობლემების წინაშე მოწყვლადები არიან, რომლებიც თავის სტერეოტიპებში იკეტებიან და აუცილებელია, ინფორმაციის წყაროები გააფართოვონ. საუბარი მიზანმიმართულ მოტყუებაზე კი არ არის, ადამიანი რეალობას თავისი ინტერესებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე აღიქვამს. ასეთი ადამიანის აზრით, შესაძლებელია კორექტული იყოს, მაგრამ დასკვნის გაკეთება მაშინ არის ეფექტური, როცა საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების მოსაზრებებს ისმენ და დასკვნას აქედან აკეთებ. საკუთარ გარემოცვაში ჩაკეტვის საშიშროება ყველამ განიცადა, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენდა. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ დაემუქრება, იმდენად გამოცდილი ადამიანია”, – აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები