„ახალგაზრდა ადვოკატები“: მთავრობის წინადადება ჭარბვალიანობის შემცირებაზე ხელს შეუწყობს სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის წინადადებას პირებზე, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს, ჭარბვალიანობის პრობლემის რეალური დაძლევისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. ორგანიზაციაში აღნიშანვენ, რომ ინიციატივის განხორციელება არსებით გავლენას იქონიებს საერთო სასამართლოების მუშაობაზე, სასამართლოს წინაშე სხვა კატეგორიის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება იქნება უფრო დროული და რეალური, ვინაიდან სასამართლოები აღარ განიხილავს ან/და შეწყვეტს ფინანსური ვალდებულებებიდან წარმოშობილი, ე.წ. პრობლემური სესხებზე არსებულ დავებს, რომელიც აგრეთვე დაკავშირებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და შემდგომში აღსრულების პროცედურებთან.

ორგანიზაციის განცახადებით, მთავრობის წინადადება ცალსახად სოციალური და ჰუმანური აქტია, თუმცა მეტი საზოგადოებრივი სიცხადისთვის, მნიშვნელოვანია, მთავრობამ დოკუმენტურად, ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოადგინოს განსახორციელებლი ცვლილების პროექტი, დასაბუთება და მეთოდოლოგია.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს მთავრობის ინიციატივის მიმართ საზოგადოებრივ შეფასებებში გაჩენილ კითხვებზე, რომელიც ეხება ინიციატივის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენას და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის დაშვებას.

“მნიშვნელოვანია, საკითხი არ შეფასდეს მხოლოდ საზოგადოებრივი შეხედულებებით და საზოგადოებამ ამ ნაწილშიც მიიღოს სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების განმარტებები. მით უმეტეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს შეისწავლოს საკითხი, თუმცა შეუძლებელი იმის დადგენა და განსაზღვრა, რამდენად ახდენს დავალიანების მქონე მოქალაქის პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულების ჩამოყალიბებაზე ინიციატივა, თუკი არჩევანი კეთდება პოლიტიკურ იდეოლოგიებს, საარჩევნო კანდიდატების გამოცდილებასა და ხედვებს შორის. ამასთან, კენჭისყრის პროცედურა არ არის ღია და საარჩევნო ხმის მიცემა ხდება თავისუფალი ნების პირობებში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, 1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა), ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას. 2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში“,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ინიციატივის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაკეთდეს სწორი სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები. ამასთან, ინიციატივის განხორციელების პროცესში, თანაზომიერად იქნეს დაცული კერძო და საჯარო ინტერესები, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს გამჭვირვალედ, მოქალაქეებისა და ბიზნესის უფლებების გათვალისწინებით, სადაც სახელმწიფოს მთავარი არბიტრის როლი აკისრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები