„უვადო პატიმრობასაც არ გამოვრიცხავ“, – რომან კაკულია კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის სასჯელების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის სასჯელების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით კაკულიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობას პარლამენტში გეგმავს. როგორც რომან კაკულიამ განაცხადა, საზოგადოებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საშუალო რგოლში კორუფციამ იმატა.
“აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ბიუჯეტის არაკანონიერ ხარჯვასთან დაკავშირებით და ეს არა მხოლოდ ოდნავ უნდა გამკაცრდეს, არამედ უნდა გამკაცრდეს რადიკალურად. თუნდაც უვადო პატიმრობამდეც კი, დაახლოებით 10 წლის ვადით. იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიუჯეტის ხელყოფისადმი დაკავშირებული ეჭვები და ნეპოტიზმიც უნდა გახდეს გამორჩეული დანაშაული. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობით არიან, არ ჰქონდეთ წვდომა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო თანამდებობებზე.
საზოგადოებაში შეიქმნა ეს შთაბეჭდილება, რომ საშუალო რგოლში იმატა კორუფციის რაოდენობამ. ჩვენი ვალდებულებაა, საზოგადოების ეს აღქმა მოვხსნათ“, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, იმ ქვეყანაში, სადაც ფინანსები შეზღუდულია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა რასაც ხარჯავს, ხარჯავს სწორად და კორუფცია გამორიცხულია.
„ამ თემას აუცილებლად დავაყენებ. არ ვიცი, რა კონკრეტულ ზომებზე შევთანხმდებით, მაგრამ კორუფციასთან დაკავშირებული თემა განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.
აუცილებელია, რომ სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბიუჯეტის თანხებთან იქნებიან დაკავშირებული, ძალიან გამკაცრდეს, 10 წლის ვადით, უვადო პატიმრობასაც კი არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა კაკულიამ.
თამუნა შეყილაძე