“ეს იყო ჯოჯოხეთი” – რას იხსენებს გორის ბაზრის ყოფილი დირექტორი, რომელსაც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ ბიზნესი იძულებით დაათმობინა (ვიდეო)

გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ექსდირექტორი ჯემალ წიკლაური ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელიც 2004 წელს იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ბიზნეს რეკეტის მსხვერპლი გახდა. ის “კვირასთან” მაშინდელი მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესის ჩამორთმევის დეტალებს იხსენებს.
წიკლაურის თქმით, მისი კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის “ჩუქების” ინიციატორი მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომლის უშუალო დავალებითაც შიდა ქართლის იმჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა პირადად მოსთხოვა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა.
“მოვიდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მაშინვე დაიწყო რეკეტი. მაშინდელმა გუბერნატორმა მიშა ქარელმა გამომიცხადა, რომ სახელმწიფოსთვის უნდა მეჩუქებინა საკუთრება, მე ვიკითხე თუ რატომ, რაზეც მიპასუხეს, რომ “ასეთი დროა და ჩვენი უნდა იყოსო”, მე ამაზე უარი განვაცხადე და მერე დაიწყო ყოველდღიური რეკეტი”, – აცხადებს წიკლაური.
როგორც წიკლაურის საუბრიდან ირკვევა, მან ქონების გადაცემაზე უარი განაცხდა, რამდენიმე დღეში კი ის სახელმწიფოსთვის თანხების დამალვის ბრალდებით დააკავეს.
ჯემალ წიკლაურის თქმით, ციხეში გატარებული ოთხი თვის განმავლობაში მასზე და მის ოჯახზე გაუსაძლისი ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა საკუთარი ქონება დაეთმო და ის სახელმწიფოსთვის გადაეცა.
“ვიდრე ჩემი ოჯახის წევრებს არ დაემუქრნენ ქონების დათმობაზე ხელის მოწერას არ ვაპირებდი, თუმცა ვიდრე რამეს დაუშავებდნენ ჩემს მეუღლეს, შვილებს, სიძეებს გადავწყვიტე ხელი მომეწერა. 12-კაციან საკანში 48 კაცი ვიყავით, ძილისთვის რიგში დგომა გვიწევდა.. ეს იყო ჯოჯოხეთი”, – აღნიშნავს ჯემალ წიკლაური და აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება დაუშვებელია.
ხელისუფლების ცვლილებისთანავე, 2012 წლის 20 ოქტომბერს ჯემალ წიკლაურმა პროკურატურას მიმართა. იგი სამართლიანობის აღდგენისა და მისი საქმის ფიგურანტების დასჯის მოლოდინშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები