ბრიტანეთის საბჭო სამხრეთ კავკასიის, უკრაინის, ცენტრალური აზიისა და დიდი ბრიტანეთის 35 ახალ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციას თბილისში მასპინძლობს

20-21 ნოემბერს, ბრიტანეთის საბჭო „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებიდან შერჩეული ახალი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მასპინძლობს კონფერენციაზე – „პროგრამის პარტნიორების შეხვედრა და სამომავლო პოლიტიკის შეთანხმება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ბრიტანეთის საბჭო 35 ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას 50000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დააფინანსებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. საქართველოდან 5 წარმატებული პარტნიორობა შეირჩა.
ქართული კულტურული და საგანმანთლებლო ორგანიზაციების ბრიტანულ ინსტიტუციებთან პარტნიორობის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შემოქმედებითი საქართველო და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – კომპანია „Advantage Creative“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – კილის უნივერსიტეტი (Keele University); შემოქმედებითი საქართველო – ისტ ანგლიის უნივერსიტეტი (University of East Anglia); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – უნივერსიტეტი „University of Essex Change School“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბრისტოლის უნივერსიტეტი „University Of The West Of England“.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამაში ჩართული ქვეყნების შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად და სამეწარმეო ტრენინგების საჭიროებიდან გამომდინარე. გაერომ შემოქმედებითი ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად აღიარა. შემოქმედებით ნაპერწკალი მიზნად ისახავს მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა განივითაროს საჭირო უნარები და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი.
ყოველი პარტნიორობა დაეხმარება ახალგაზრდებს, მიიღონ საერთაშორისო კავშირებზე, ბაზრებსა და რესურსებზე უკეთ წვდომის შესაძლებლობა.
წელს პარტნიორები ერთობლივად იმუშავებენ და ჩაატარებენ სამეწარმეო უნარების ტრენინგების სრულ კურსს სტუდენტებისთვის იდეების ჩამოყალიბებიდან და ე. წ. ფიჩინგიდან დაწყებული – ბიზნესის წამოწყებით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვით დამთავრებული. ამის შემდეგ, ზაფხულში ჩატარდება ვიდეოკონკურსი პროგრამაში ჩართული ყველა ქვეყნის 100 000-მდე ახალგაზრდისთვის. ეს იქნება „video pitch“- მოკლე ვიდეოპრეზენტაციით პოტენციური სპონსორის დასაინტერესებლად. გამარჯვებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბრიტანეთში გაიარონ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული კურსები.
ამას გარდა, ბრიტანეთის საბჭო გეგმავს მეწარმეობის თემატიკისადმი მიძღვნილი ინგლისური ენის ონლაინკურსების (MOOC) ჩატარებას, არსებული ონლაინპლატფორმებისა და ახლად შექმნილი ონლაინპროგრამების საშუალებით.
ბრიტანეთის საბჭოს გაფართოებული ევროპის რეგიონის განათლებისა და საზოგადოების დირექტორი რიჩარდ ევერეტი აცხადებს: „ჩვენ ასზე მეტი განაცხადი მივიღეთ, ამდენად კვლავაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, ვისაც შემოქმედებით ნაპერწკალთან თანამშრომლობა სურს, თუმცა ჩვენი გრანტი ვერ მიიღო“.
ინიციატივის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე დასძენს: „ჩვენ მადლიერები ვართ ბრიტანეთის საბჭოსი ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის. პროგრამის წარმატებით თავად ვართ დაინტერესებული და გვჯერა, რომ იგი დიდად შეუწყობს ხელს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და, ამასთან, საქართველოში უმაღლესი განათლების როლის გაზრდას ბრიტანეთის, როგორც უმაღლესი განათლების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმატებული მოდელის მაგალითზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები