86 წლის რამაზ ერქომაიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯვარი სახლში დაიწერეს

86 წლის რამაზ ერქომაიშვილი და მისი მეუღლე ჯულიეტა 45 წლის წინ დაქორწინდნენ აფხაზეთში, თუმცა დღემდე ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. მათ თხოვნით მიმართეს “ჩერნოვეცკის” ფონდს, რათა ამ უკანასკნელს დახმარება გაეწია ჯვრისწერის ორგანიზებაში. რამაზ ერქომაიშვილი I ჯგუფის ინვალიდია და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

რამაზ და ჯულიეტა ერქომაიშვილები აფხაზეთიდან დევნილები არიან. 1993 წელს იძულებით დატოვეს სოხუმი და დედაქალაქს შეაფარეს თავი. მშობლიური კუთხიდან განდევნის შემდეგ ამ ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს – გარდაიცვალა ქალიშვილი და სიძე. 2 მცირეწლოვანი ბავშვის მოვლა მათ საკუთარ თავზე აიღეს და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა არ აკლებდნენ მათ სიყვარულსა და მზრუნველობას.

„1973 წელს დავქორწინდით. სულ ვდარდობდი, ისე არ წავიდე იმ ქვეყნად, ჯვარი რომ არ დავიწერო მეთქი. 2016 წელს, „ჩერნოვეცკის“ ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე დავდექით. ეს ღვთისნიერი ადამიანები ჩვენთვის ძალიან ახლობლები გახდნენ და სწორედ მათ ვთხოვეთ, რომ დახმარება გაეწიათ ჯვრისწერის ორგანიზებაში“,- ამბობს ჯულიეტა ერქომაიშვილი.

იგი აფხაზეთში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო მისი მეუღლე –  სასწავლო- სამეცნიერო მეურნეობაში. ამჟამად მათ შემოსავალს პენსია და სოციალური შემწეობა წარმოადგენს, რომლის დიდი ნაწილი ბინის ქირას ხმარდება.

„ჩვენი ფონდის მედპერსონალი პერიოდულად აკითხავს ერქომაიშვილების ოჯახს, უტარებს რამაზს სამედიცინო პროცედურებს, ამარაგებს მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით. არ შეგვეძლო მათი თხოვნა ყურადღების გარეშე დაგვეტოვებინა და დიდი სიამოვნებით გავუწიეთ მათ დახმარება ჯვრისწერის ორგანიზებაში“,- ამბობს „ჩერნოვეცკის ფონდის „შინ მივლის“ პროგრამის ექიმი ნინა სხირტლაძე.

 R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები