მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება.

უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები. ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. სპეციალურად შეიქმნა ეს ფორმატი საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვექნება შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ბატონ იუნკერთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი ფორმატი საქართველოსთვის, რათა ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნები, თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ უფრო მეტად საქართველო ევროპას. ჩვენ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასოდეს ვყოფილვართ, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენთ. ამასთან ერთად ჩვენ გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში, მათ შორის, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლების სფეროში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთან ერთად, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

კომენტარები

კომენტარი