პრემიერი: საქართველოს ჰყავს ორი მტერი, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე

საქართველოს ჰყავს ორი მტერი, ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში, „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
ბახტაძის თქმით, სიღარიბის დაძლევაში მთავარი ბარიერი ჭარბვალიანობა გახდა.
„ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში. სიღარიბის დაძლევა სამწუხაროდ, გადის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე. სიღარიბის დაძლევაში გვაქვს პროგრესი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ისევ ცხოვრობს სიღარიბეში.
ეს არის ამ მასშტაბის პრობლემა. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის პრობლემაზე, მას სჭირდება სისტემური მიდგომა და ის ვერ გადაიჭრება ერთჯერადი ნაბიჯით. ეს პრობლემა დაგროვილია წლების განმავლობაში და ჩვენ ის გვერგო ისტორიულად.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ გარემოს შექმნა წინა პერიოდში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის დაწყების სასტარტო წერტილი გახლდათ 2007 წლის 29 ივნისის სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მოიხსნა ე.წ. მაქსიმალური ზღვარი საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთებზე.
სწორედ ეს არის პერიოდი, რომლის შემდეგაც დაიწყო ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების ფილოსოფია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამას არავითარი კავშირი არ აქვს საბაზრო ეკონომიკასთან, ამას მინდა ხაზი გავუსვა“,- განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები