გოგიტა ცუცქირიძე: “ქართუს” ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი

2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც, – ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორმა გოგიტა ცუცქირიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება.
„აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა. 2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან. აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოება, როგორც ასეთი, სულს ღაფავდა. საბანკო სექტორის ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული „ჭარბვალიანობა” და კრედიტინფოს „შავი” სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დარეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას”,-​ განაცხადა ექსპერტმა საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორმა გოგიტა ცუცქირიძემ.
მისი განცხადებით, შემთხვევით არ იყო, რომ „ნაციონალისტური ნარატივი” ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა, ბიზნესის დატერორების გზით ვითარდებოდა.
“საკუთრების უფლებების დარღვევა, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მმართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება იყო თანმდევი იმ ვაკჰანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და შიშის ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი. საკუთრების უფლებების ღამით გადაფორმების პრაქტიკის ფართოდ დანერგვა, საბანკო სისტემის მძევლად აყვანა და რეპუტაციური რისკის ზრდა, იურისდიქციის გარეთ დატოვებით დღესაც ამ გარიგეგებში მონაწილე ბანკების უმძიმეს ტვირთად რჩება. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი 2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გაუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპოლიზაციას, რამაც ერთის მხრივ, ეკონომიკაზე იმოქმედა ნეგატიურად და მეორეს მხრივ, წარმოქმნა დავალიანება ასი ათასობით მსესხებლის (მოვალეთა რეესტრში 600 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული) საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (მიკროსაფინანსო და ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციების) და კერძო იპოთეკარების წინაშე და დღესაც მათი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მაღალ რისკს ატარებს. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ძალიან კარგია მოქალაქეების იმ ნაწილისათვის რომლებიც არიან შავ სიაში და ვერ ახერხებენ დაკისრებული ვალების და მასზე დარიცხული ჯარიმების გადახდას, გაუნულდეთ ეს დავალიანება, მით უმეტეს მათი დიდი ნაწილის დავალიანება არ არის მაღალი და სულაც 2000 ლარის ფარგლებშია, ხოლო მოცულობა 1,5 მლრდ ლარამდე იქნება. კარგია, რომ ამ დავალიანების გადახდა არ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და აქ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ ეს სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების მიერ შექმნილი ფონდის ან სპეციალური კერძო ფონდის მიერ განხორციელდება. ამას ახორციელებს „ფონდი ქართუ” და ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი. როდესაც ვსაუბრობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე მოვუწოდებ ყველას, ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მოგების ის მაღალი მარჟა რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა”, – აღნიშნა გოგიტა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები