მამუკა მდინარაძე: ხელის კანკალით გამოვიდა ვაშაძე და რაღაც მოთხოვნა დააყენა – ეს იყო სასაცილო

“თვეების განმავლობაში მიდის მუშაობა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა და პრაქტიკულად მოხდა შეთანხმება”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პანიკურ სიტუაციაშია, გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნა კი – სასაცილო.
“აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთი, რაც უვარგოდა, იყო პიარი, აქ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. როგორც ჩანს, პანიკურ სიტუაციაში აქაც ჩავარდნა მოუვიდათ. დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ და იციან, ინფორმაცია აქვთ, რომ ხვალ ძალიან სერიოზული ინიციატივა გახმოვანდება პრემიერის მიერ და ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს. რა ჩაატარეს, ვერავინ ვერ მიხვდებოდა. რუსი ,,პიარშიკების“ ეს სვლა წარუმატებელია.
თვეების განმავლობაში მიდის მუშაობა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა და პრაქტიკულად, მოხდა შეთანხმება. ხვალ პრემიერი გაახმოვანებს ძალიან საინტერესო, ძალიან კარგ ინიციატივას. პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი “ნაციონალური მოძრაობის” პიარსვლა – ხელის კანკალით გამოვიდა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე და რაღაც მოთხოვნა დააყენა, ეს იყო სასაცილო დღეს”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მთავრობას მოთხოვნა წაუყენა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ პირს, რომელიც საბანკო დავალიანების გამო, ე.წ. შავ სიაშია, ხელისუფლებამ მათი ვალდებულება უნდა ჩამოწეროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები