მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობა” და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევენ საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად

„როგორც ყველა ვხედავთ, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევენ საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან.
„არჩევნების პირველი ტური „რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილის ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ.
„გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, „რუსთავი 2“-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა განათავსა „ნაცმოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები. ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები