პუტინმა უკრაინასთან შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა უარყო
უკრაინასთან გაზის ფასსა და კრედიტთან დაკავშირებით მოლაპარაკება, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაშიც, არ გადაიხედება, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ბრიუსელში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინის ეკონომიკა გადამხდელუნარიანი იყოს, მას ჰქონდეს რესურსი კრედიტის უკან დასაბრუნებლად.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მუშაობა უკრაინის ახალ მთავრობასთან, ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს მას. პუტინის თქმით, გადამდგარი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის კაბინეტს მოსკოვთან მრავალმილიარდიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის კრედიტი გასული წლის დეკემბერში გამოუყო. ამასთან, ითქვა, რომ უკრაინა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 400 დოლარის ნაცვლად 268,5 დოლარად მიიღებს. კრედიტის გამოყოფამდე უკრაინამ ევროინტეგრაციის კურსზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.