ივანე მაჭავარიანი: მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა

“მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა”,  – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი.

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე, ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

„პირველი, ესაა ადამიანური კაპიტალი – სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე, ესაა ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე, ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. მისი თქმით, სწორედ კერძო სექტორი არის მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელის ხერხემალი. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება ეკონომიკური ზრდის წარმმართველი.

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ განვახორციელოთ ესეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილობლად მოყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები”, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები