ანზორ ქოქოლაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, „ნაცმოძრაობის“ დროს ბიზნესის კეთება საშიში იყო

დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, დღეს შეცდომებზე გვაქვს ლაპარაკი, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში არ იყო შეცდომები, ეს იყო მიზანმიმართული სისტემური დანაშაულები, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის კეთება საშიში იყო.

„შედარებაც კი მერიდება იმისა, როგორი იყო ბიზნესგარემო წინა ხელისუფლების დროს და როგორია მიმდინარე ხელისუფლების პირობებში. 2004–2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესის კეთება იყო საშიში. არათუ -კარგი იყო, ცუდი იყო – ამის განხილვას ექვემდებარებოდეს, არამედ საერთოდ საშიში იყო. თქვენ ახსენეთ, რომ ციხეში ვიყავი 2 წელი. იქ კრიმინალებზე მეტად იყვნენ ბიზნესმენები, ათი ათასობით ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში გაგვეკეთებინა. საშიში პროფესია იყო. ბიზნესმენების 90 % ამაში დამეთანხმება. პირადად, შეიძლება ჰქონდეთ გავლილი, ეს რეპრესიები.
რაც პოზიტიური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ვაღიაროთ, თუმცა, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩატარდა, საკმაოდ ბევრი იყო ასეთიც, რეფორმა, რომელიც კარგი ჩატარდა, მაგრამ, ფუნდამეტს თუ გამოაცლი… გავაკეთოთ მარტივი შედარება: ავაშენოთ სახლი, ჩავატაროთ ძალიან კარგი რემონტი, კარგი არქიტექტურით გავაკეთოთ შენობა, შიდა ინტერიერიც ძალიან კარგად მოვაწყოთ, მაგრამ გამოვთხაროთ ძირი. თუ ძირს გამოვუთხრით, არანაირი აზრი არ ექნება შიგნით რა სურათი იქნება დაკიდებული, ან კედლები რა ფერის იქნება. დაახლოებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბიზნესგარემო, შეიძლება ამას შევადაროთ. კი, კარგად მოხდა ეკონომიკის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, საგადასახადო გარემო საკმაოდ ჯანსაღი იყო, საგადასახადო ნორმები, სამართლებრივი ნორმები ძალიან კარგი იყო, თუმცა ხელისუფლება იქცეოდა ამის საპირისპიროდ“, – განაცხადა ქოქოლაძემ.

მისი თქმით, კერძო საკუთრება აბსოლუტურად დაუცველი იყო. როგორც ქოქოლაძემ აღნიშნა, კერძო საკუთრება ბიზნესის და სახელმწიფოს ფუნდამენტია.

„თუ კერძო საკუთრებას საფუძველს გამოაცლი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენობაში როგორი სურათი გექნება, როგორი ფერის იქნება კედლები და ა.შ. „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, დაახლოებით, ეს გააკეთა. საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას, სახელმწიფოს საერთოდ. კერძო საკუთრება დაუცველი იყო.
იუსტიციის სახლებს თქვენ ხედავთ ყველა, ძალიან მსიამოვნებს, ძალიან ლამაზი შენობებია, პროცედურები ძალიან კარგია, მაგრამ თუ მიხვალ და იქ შენი სახლი აღარ დაგხვდება შენს სახელზე გაფორმებული ან შენი კომპანია შენს სახელზე აღარ აღმოჩნდება… ჯობს სახლი იყოს ცოტა შეუხედავი, ნაკლები ინვესტიცია ჩადოს ამაში სახელმწიფომ, მაგრამ მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთრების უფლების დაცვაში. ანუ „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს ზუსტად ეს პრობლემა იყო. თუნდაც, ჩემი კომპანია „ტექნო ბუმის“ შემთხვეაში, იცით, როცა „ელიტ ელექტრონიქსი“ წაგვართვეს, მოხდა მარტივად, ერთვებოდა მთელი სახელმწიფო სისტემა, ვერტიკალი პირველი პირიდან დაწყებული დამთავრებული მთელი სახელმწიფო სტრუქტურებით, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, მერიაც კი. ასევე, კერძო სტრუქტურები, ბანკი იყო კონკრეტულად ჩართული. მთელი სისტემა იყო მოწყობილი, როგორ შეიძლებოდა ამოეღოთ ბიზნესიდან მეტი რესურსი. იგივე იუსტიციის სახლი რომ ვახსენეთ, ერთი იუსტიციის სახლის მშენებლობას, ჩავთვალოთ, რომ 100 ბიზნესი შეეწირა.
რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. იმაზე მეტად თავისუფალი, ვიდრე კი შეიძლება ამ ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს შეეძლოს. ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოღვაწე ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში , უკრაიანაში და ა.შ. ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გარემო გაგვაჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, არის თემები, რომელზეც შიძლება გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლებაც. დღეს ფუნდამეტური პრობლემა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად დავასახელოთ, ეს არის სამართალწარმოების პორცესში არსებული პრობლემები, დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული სასამართლომდე. დღეს გვაქვს შეცდომებზე ლაპარაკი, იქ დანაშაულებზე გვქონდა საუბარი. ამიტომ, დღეს ხელისუფლებას აქვს შანსი, გამოასწოროს. ის, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო მიზანმიმართული სისტემური დანაშაულები“, – განაცხადა ქოქოლაძემ.

შეგახსენებთ, ანზორ ქოქოლაძე 2012 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი პატიმრობაში 2010 წლის აპრილიდან იმყოფებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”, -აცხადებდნენ საგამოძიებო უწყებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები