„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ იურიდიული პირების მიერ დენის, წყლისა და გაზის მოხმარების დარღვევაზე დადგენილი 15 000-ლარიანი ჯარიმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იურიდიული პირებისა და დაწესებულებების მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობის შემთხვევებში, 15000 ათასი ლარით დაჯარიმების რეგულაციის გაუქმებას მოითხოვს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოდექსით დადგენილი ჯარიმის ოდენობა, იმავე შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ 100-ლარიან ჯარიმას, გონივრული ფარგლებით აღემატება და კონფლიქტში მოდის მოქმედი კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპთან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღნიშნულია, რომ ჯარიმის განმარტების დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს: სამართალგამოყენების ეტაპზე, ჯარიმის შეფარდება უნდა მოხდეს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე. ჯარიმა წარმოადგენს სანქციის სახეს, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს სპეციალური, ანუ სამართლდამრღვევი პირის მიერ ქმედების ხელმეორედ ჩადენის პრევენცია. ასევე, საერთო, სხვა პირების მიმართ პრევენციაც, თუმცა მისი ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად არაგონივრული, რომ ირიბად მისი მიზანი ხდებოდეს იურიდიული პირის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შეწყვეტაც, რადგანაც საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვიდან გამომდინარე, 15 000 ლარის გადახდის დავალდებულება, ძალიან ბევრი იურიდიული პირისთვის, შესაძლოა, წარმოადგენდეს მისი ლიკვიდაციის ტოლფას ქმედებას.
“ორგანიზაცია წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ასაბუთებს, რომ თეორიულად ჯარიმის ასეთი ოდენობა იურიდიული პირის მიმართ, შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოდ ჯარიმის არსთან, რომლის გაგებაც კარგად არის გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ორგანიზაცია ითვალისწინებს, რომ ჯარიმა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფასთან, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კანონის მიზანი აშკარად სხვაა. ამასთან, თანასწორუფლებიანობის საკითხის შემოწმებისას უნდა გადაიხედოს, თუ რამდენად არიან ფიზიკური და იურიდიული პირები არსებითად თანასწორ მდგომარეობაში და რამდენად ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. სამოქალაქო ურთიერთობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ნამდვილად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. იმის მიუხედავად, რომ სანქცირებასთან მიმართებით ფიზიკური და იურიდიული პირების თანასწორობის საკითხი სადავოა, მათ შორის ასეთი უთანასწორობა, ორგანიზაციის პოზიციით, ნამდვილად წარმოადგენს მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენციაციის ინტენსივობის სიდიდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკაცრი ტესტის გამოყენება და ნორმა უნდა შეფასდეს გამომდინარე თანაზომიერების პრინციპიდან. ასეთ დროს, კანონმდებელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის გარემოება, რომ მისი მხრიდან უფლებაში ჩარევა უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტურ აუცილებლობას. ორგანიზაციის პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, არსებული დიფერენციაცია აშკარად ქმნის შეუსაბამობას პირთა თანასწორობის საკითხში, აწესებს არათანაბარზომიერ სანქციას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით და არის დისკრიმინაციული, რადგანაც უფლების შეზღუდვა ხდება არსებითაც თანასწორ პირთა მიმართ დაუსაბუთებლად განსხვავებული მოპყრობის ფარგლებში, რის გამოც, მოსარჩელე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია”,- აცხადებს “ახალგზარდა ადვოკატები”.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია დადგინდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება) და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა) კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის საკითხი.
კანონში აღნიშნულია, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სარჩელი 2018 წლის აგვისტოში წარადგინა და სასამართლოდან სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას მოელის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები