ლევან კობერიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დაძაბულობაში გადაზარდონ

“ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც, მიუხედავად დაძაბულობისა, ცდილობს, ყველანაირი ფორმით უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობერიძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ნებისმიერი შემთხვევა დაძაბულობაში გადაზარდოს.
„აუცილებელია, გავყოთ ორი თემა – მერიის მხრიდან პასუხი, ის ვალდებულება, რაც მერიას ჰქონდა მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში, ეპასუხა კონკრეტულ ვადაში და მეორე – ის მოვლენები, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარდა. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც, მიუხედავად დაძაბულობისა, ცდილობს, ყველანაირი ფორმით, უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ქმედებებით.
რაც შეეხება კონკრეტულად კარვის დადგმის თემას, ვფიქრობ, რომ თუკი იქნება მაქსიმალური უზრუნველყოფა ორივე მხრიდან – აქციის მონაწილეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან – რომ ის საფრთხეები იქნას არიდებული, რომელზეც შსს საუბრობს, ასეთ შემთხვევაში, კარვის დადგმის შესაძლებლობაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, ამ ყველაფრის პროვოკაციად გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს სტილი ჩვენთვის ცნობილია – ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა გადაზარდონ მსგავსი ტიპის დაძაბულობაში.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაძლოა, რამე მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ის, რომ ისინი აქტიურები არიან, ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი ფორმის პოვნა, რომ არასამთავრობოები პოლიტიკური ავანსცენის ნაწილი არ გახდნენ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები