პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა

თბილისის საკრებულოში პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა და ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება. პროექტის ავტორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, 3 ნოემბრის ღონისძიების თემა ,,თბილისური ტრანსპორტი“, მისი უძველესი სახეობები და ზოგადად, თბილისში ტრანსპორტის განვითარების ისტორია გახლდათ.
ღონისძიების სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია მიესალმა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ თბილისის საკრებულოს შენობის შექმნის და მისი ისტორიის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, თამარ მეფის დარბაზში ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვრის, თეა ონიანის ნამუშევრები გამოიფინა.
„პროექტის – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” თემები სრულიად განსხვავებულია. ისტორიულ თემებთან ერთად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებსა და პროექტებზე, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ღონისძიების თემაა თბილისის ტრანსპორტი, მისი ისტორია და დღევანდელობა, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის საინტერესო და აქტუალურია,“-  განაცხადა მარიკა დარჩიამ.
შეხვედრა დიმირი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ და საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ პროექტის თემის – თბილისის ტრანსპორტის შესახებ მოხსენება წარადგინეს.

მარიკა დარჩიამ თბილისში უძველესი დროიდან დღევანდელობამდე არსებული სხვადასხვა სახის ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ე.წ. დროჟკების სახით, თბილისში პირველი დაქირავებული ტრანსპორტი  1824 წელს გაჩნდა. მოგვიანებით, მას ფაეტონები და ეტლები დაემატა. მარიკა დარჩიამ თბილისში პირველი კონკისა და ტრამვაის, ასევე, პირველი თანამედროვე ტაქსების თაობაზეც ისაუბრა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ამ კუთხით არსებულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები