გრიგოლ ვაშაძე: “რესპუბლიკელების” მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიაში მორალურ და ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს

“გაერთიანებული ოპოზოციის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, „რესპუბლიკურ პარტიასა” და მათ ლიდერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიაში მორალურ და ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს.
„რესპუბლიკურ პარტიასთან“ ისეთი საკითხები განვიხილეთ, სადაც თანხვედრა გვაქვს, ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა, ეს არის შეწყალება და ამნისტია იმ ადამიანების, რომლებიც ახლა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ციხეში იმყოფებიან. „რესპუბლიკური პარტია“ და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული იმ სისტემის დემონტაჟისთვის, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციას ახლა არჩევნების მოგების შანსი აქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
„პოლიტიკური რეფორმები გვჭირდება სასწრაფოდ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში ჩვენ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ერთი აზრი გვაქვს. „რესპუბლიკურ პარტიას“ უზარმაზარი ელექტორალური გამოცდილება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან მოდის”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები