ეკა ბესელია: მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა გარკვეული სამდურავი აქვს
პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გზავნილი იმ ამომრჩევლებისგან, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ, ხელისუფლების მიმართ გარკვეული სამდურავი აქვს.
მისივე თქმით, ამ გზავნილს აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
“პირველი, რაც 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა არის, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი არის ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელი – ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები. დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია. ეს ის გზავნილია, რომელსაც აუცილებლად მიეცემა მსვლელობა. საჭიროა ამის გააზრება და საჭიროა ამაზე პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.