თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს ეხმაურება.
ჩუგოშვილის განცხადებით, 28 რიცხვამდე არც ერთი საარჩევნო ყუთი არ იხსნება, შესაბამისად, შედეგებზე საუბარი სპეკულაციაა.
“ამაზე განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გააკეთა. არავინ არ იცის რა შედეგები არის თუნდაც იმ ოლქში, სადაც ქართველი სამხედროები აძლევენ ხმას. ამიტომ სრული სპეკულაციაა იმაზე საუბარი თუ რა შედეგი დაჯდა და ვის მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სამხედროებმა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოფილ მთავარსარდალს არ ეკადრება ქართველი სამხედროების და ქართული ჯარის პოლიტიზირების თუნდაც მცდელობა, არ არის ეს ღირსეული საქციელი”,- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.