ვასილ კაპანაძე: სააკაშვილი პოლიტიკური სიგიჟის გამოხატულებაა და ჩანაწერებზე საქმე უნდა აღიძრას

“მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს პოლიტიკური სიგიჟის გამოხატულებას და ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვასილ კაპანაძემ “კვირასთან” საუბარში, დღეს გავრცელებული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.
ვასილ კაპანაძემ აღნიშნულ ჩანაწერებს აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი რამ იგეგმება, ბუნებრივია, ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ შეფასებებში.
“ამ ჩანაწერთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა ადრე, რომ მას სააკაშვილი უკვეთავდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას, ახლა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, არის ძალიან მძიმე შემთხვევა და ძალიან მძიმე ისტორია ჩვენი ქვეყნისთვის, ის 9-წლიანი მმართველობა. სააკაშვილი, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად არის გაუწონასწორებელი ადამიანი და ვფიქრობ, ძალიან სწორი შეფასება მისცა მას თავის დროზე 5 წლის წინ თავის ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ მაილსმა, რომელმაც მის პოლიტიკას განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში და ჩვენს ახლა უკვე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, აბსოლუტური სიგიჟე- პოლიტიკური სიგიჟე უწოდა. ამიტომ მე ვეთანხმები რიჩარდ მაილსს, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს პოლიტიკური სიგიჟის გამოხატულებას და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ვასილ კაპანაძემ.
კითხვაზე დააყენებს თუ არა აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეშ პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ექსპერტი ამბობს, რომ კი, რადგან მათ სხვა გზა არ ექნებათ და შეეცდებიან საკითხის აქტუალურობა ჩაახშონ.
“ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში იქნება აჟიოტაჟი და ავთენტურობის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი. ეცდებიან, რომ გადაფარონ ამ საკითხის არსის აქტუალობა. დაყენდება ეს საკითხი და დაიწყება პოლიტიკური სპეკულაციები, დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია ჩვენი ქვეყნის, როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული და ამას უნდა მიეცეს არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასება”,- აღნიშნა ვასილ კაპანაძემ “კვირასთან” საუბრისას.
ექსპერტმა, საარჩევნოდ, ნეიტრალური ამომრჩევლის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერც ერთი ადამიანი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერს, გულგრილად ვერ შეხედავს.
“ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არ არის აპელირებული არც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან და არის აპოლიტიკური მოქალაქე, ამ ჩანაწერებს ვერ შეხედავს გულგრილად და ბუნებრივია, დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის, იმიტომ რომ ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ამ ვითარებაში”,- ამბობს ექსპერტი.
ვასილ კაპანაძე ვარაუდობს, რომ ჩანაწერების ომი შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.
“ოქუაშვილმა დააანონსა და შესაძლოა, კიდევ რაიმე ჰქონდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად ამბობს, ის არის ჩანაწერების დიდოსტატი, როგორც ჩანს და მას შესაძლოა, კიდევ ჰქონდეს. თუმცა, ვფიქრობ არჩევნების შემდეგ არა, თუ იქნება ხვალ-ზეგ. ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნოდ და მიდის ჩანაწერების ომი”,- განაცხადა ვასილ კაპანაძემ “კვირასთან” საუბარში.
ცნობისთვის, უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები