მარიამ ჯაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიება მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კაბინეტის გახსნის ცერემონიას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში დაესწრო.
კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტის გახსნას მიესალმა და აღნიშნული ინიციატივისთვის ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მადლობა გადაუხადა. მარიამ ჯაშმა საზოგადო მოღვაწის და პუბლიცისტის განსაკუთრებული ღვაწლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, მისთვის და მისი თაობისთვის, აკაკი ბაქრაძის მოღვაწეობა გამორჩეულ მოგონებებს უკავშირდება. მისივე განცხადებით, აკაკი ბაქრაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა 1978 წელს განვითარებულ მოვლენებში და მან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას არაერთი ნაშრომი და პუბლიკაცია მიუძღვნა. მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა თაობა უახლესი საქართველოს ისტორიის საზოგადო მოღვაწის და მწერლის საქმიანობას ინტერესით გაეცნობა და ბიბლიოთეკაში აკაკი ბაქრაძის კაბინეტის ხშირი სტუმრები გახდებიან, რაც მომავალ თაობებს, მისი ღირებულებების შემეცნების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები