ალი ბაბაევი: ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულად მიმდინარეობს
„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი აცხადებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულად მიმდინარეობს. ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიზიტით ვიყავი საქართველოს რეგიონებში: ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთის ზონაში, ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრებენ აზერბაიჯანელები, ჩემი ვიზიტები არ არის დამთავრებული, ხვალ კახეთში მივდივარ, იქაც შევხვდები მოქალაქეებს. საარჩევნო კამპანია ძალიან დაძაბულად მიდის, კანდიდატები დადიან რეგიონებში, ხვდებიან ადამიანებს. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები პროვოკაციებს აწყობენ, უნდათ, ჩაშალონ შეხვედრები, მათ ძალაუფლება მოენატრათ.
მაგალითად, პარლამენტის დეპუტატმა, აზერ სულეიმანოვმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა პროვოკაციული, შუღლის გამაღვივებელი განცხადებით. ხალხში ყვიროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის თურქი და აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ, არაკაცი იყოს ის, ვინც ხმას მისცემს სალომე ზურაბიშვილსო. მთელ რეგიონში ბევრი ადამიანია იმაზე აღშფოთებული, რომ დეპუტატი ასეთ უღირს, არაადამიანურ განცხადებას აკეთებს.
ქვეყანა სწორ გზაზეა, ევროპულ გზაზე მიდის, ხალხის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესდება, ქვემო ქართლში ვხვდებოდი მოსახლეობას. სოფლებში, სადაც გზა არ არსებობდა, გზა გაკეთდა, გაზი სადაც არ იყო, ახლა აქვთ. 35-მდე სოფელში ვიყავი. მოსახლეობა დასვენებულია იმ მხრივ, რომ არ არის ის ძალადობა, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, როცა პოლიცია აშანტაჟებდა ამომრჩეველს, როცა დირექტორი ავალებდა მასწავლებლებს, რომ მშობლებს ხმა მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ახლა ასეთი პროცესები ვერ ვნახე.
სალომე ზურაბიშვილი რეალურად ლაპარაკობს იმ საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის სტატუსზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ ხალხის პრეზიდენტი უნდა იყოს. ბაქრაძე ხალხს 500-ლარიან პენსიას ჰპირდება და რეალურად, ამის ბერკეტი არ აქვს. ვაშაძეც ატყუებს ხალხს, 400 ლარიანი პენსია, 1000 -ლარიანი ხელფასი იქნებაო. ატყუებენ ხალხს. ასევე, არის ფაქტები, ხალხი მეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხმის მიცემის სანაცვლოდ 50- 80 ლარს არიგებენ. მე ვეუბნები ამ ხალხს, აიღეთ ეს ფული, მაგრამ ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.
„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს უფლება არ გვაქვს, პროვოკაციებში მივიღოთ მონაწილეობა, ვიბრძოლებთ საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის სტაბილურობისთვის“,- განაცხადა ბაბაევმა.
ის პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებაში ქსენოფობიურს ვერაფერს ხედავს.
შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება:
“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, — უთხრა მან მოსახლეობას.
ალი ბაბაევი „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ „სოკარის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება სოკარის ხელმძღვანელის ჩამოსვლას მარნეულში, მან თავის გაკეთებულ საქმიანობაზე ისაუბრა, პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. ბევრი აზერბაიჯანელი და ქართველი მუშაობს „სოკარში.“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ჟანდარმერი იყო გვარამია, რომელიც პროვოკაციული ტელევიზიის ხელმძღვანელია. მან განაცხადა, „ სოკარი“ წავიდეს საქართველოდან და ზურაბიშვილიც თან წაიყვანოსო. თუ მას ელემენტარული სიყვარული აქვს ქვეყნის და მეზობელი ხალხის, აქვს ამ განხცადების გაკეთების უფლება ? რა თქმა უნდა, არა“,- განაცხადა ბაბაევმა.
“აზერბაიჯანელო მეზობლებო, სალომე ზურაბიშვილი თქვენთვის დაგვითმია, წაათრიეთ და გყავდეთ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაწერა.
ნიკა გვარამიამ გაავრცელა „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი, როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლში მედიისათვის გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩავიდა და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოღალატე ზურაბიშვილი – სოკარ-თველოს პრეზიდენტად! თქვენთვის დაგვითმია, აზერბაიჯანელო მეზობლებო! წაათრიეთ და გყავდეთ!“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.