რა გავლენას ახდენს მარიხუანას მოხმარება მოზარდებზე? – ნარკოლოგის განმარტება

როგორ გავლენას ახდენს მარიხუანას მოხმარება მოზარდის ჯანმრთელობაზე? – ამ საკითხთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმმა-ნარკოლოგმა, თათა ასათიანმა ისაუბრა.
ნარკოლოგის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში, ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედება, მათ შორის, მარიხუანასი, არაერთ გართულებას იწვევს. მისივე თქმით, რაც უფრო მცირე ასაკიდან იწყებს ადამიანი ამა თუ იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, მით უფრო სწრაფად ყალიბდება მასზე დამოკიდებულება.
„ჩვენი საუბრის თემა შეეხება ანაშას. ანაშა არის კანაბისის პროდუქტების სლენგური სახელწოდება. განვმარტავ: ზოგადად, რა არის კანაბისი, რა პროდუქტები არსებობს, როგორია მათი სიძლიერე და შემდეგ უკვე შევეხები მათ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე.
კანაბისის 3 ძირითადი პროდუქტი არსებობს : მარიხუანა , ჰაშიში და ჰაშიშის ზეთი. ზოგადად, კანაბისი შეიცავს 400 -მდე ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, აქედან 60 მიეკუთვნება ფიტოკანაბინოიდს. ფიტოკანაბინოიდები არის სწორედ ის ნივთიერებები, რომლებიც განაპირობებენ კანაბისის პროდუქტების ნარკოგენურ ეფექტს. ყველაზე უფრო გავრცელებული და ცნობილი კანაბინოიდი არის დელტა -9 -ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის შემცველობაზეც არის დამოკიდებული ანაშის პროდუქტების სიძლიერე და მისი ნარკოგენური ეფექტი. ყველაზე სუსტი არის მარიხუანა, შემდეგ არის ჰაშიში და ყველაზე ძლიერია ჰაშიშის ზეთი.
მოზარდობა ორგანიზმისთვის მოწყვლადი პერიოდია, რადგან მიდის ყველა ორგანოს, ორგანოთა სისტემის საბოლოდ ჩამოყალიბება და ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედება, მათ შორის, ანაშასი, იწვევს არაერთ გართულებას. მოგახსენებთ კვლევების შესახებ. ერთ-ერთი კვლევა ჩატარდა 2007 წელს ინგლისში, 7 სხვადასხვა კვლევის მეტაანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მოზარდობის პერიოდში, ანაშის მოხმარება იწვევს ზრდასრულ ასაკში ფსიქოზური მდგომარეობების განვითარების 41%-ით მომატებულ რისკს“, – განაცხადა თათა ასათიანმა.
ექიმმა-ნარკოლოგმა ხსენებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალის შესახებაც ისაუბრა.
„ რაც უფრო მცირე ასაკიდან იწყებს ადამიანი ამა თუ იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას, მით უფრო სწრაფად ყალიბდება მასზე დამოკიდებულება და მით უფრო ავთვისებიანად მიმდინარეობს ნარკოტიზაცია. ანაშა არის ნარკოტიკი, რომელზეც ყალიბდება დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად, როგორც წესი, მოზარდები მის მოხმარებას იწყებენ ჯგუფში და ამ დროს ყალიბდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ანუ ადამიანს, მოზარდს, ანაშის მოხმარების სურვილი უჩნდება ამ ჯგუფში არსებობის პერიოდში და მისგან მოშორების შემთხვევაში, მოთხოვნილება არ აქვს.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, თანდათანობით ყალიბდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, როცა მოზარდს გარკვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოსახსნელად ან სიამოვნების მისაღებად სჭირდება ანაშის მოხმარება. ამ ეტაპზე, ანაშის მოხმარების შეწყვეტა იწვევს ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა, უძილობა და ა.შ.
შემდეგი ეტაპი, ყველაზე ძლიერი, ეს არის ფიზიკური დამოკიდებულება. წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, იწვევს თუ არა ანაშის პროდუქტები ფიზიკურ დამოკიდებულებას, ანუ ვითარდება თუ არა მისი რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, ე.წ. „ლომკა“. დადგინდა, რომ ინტენსიური, დიდი დოზებით მოხმარების შემთხვევაში, ეს მდგომარეობა ვითარდება. ამ ნივთიერების მოხმარება მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე.
მოგეხსენებათ, რომ ანაშის რეკლამირების მსურველ ადამიანებს ხშირად მოჰყავთ მოტივი – ვინ გინახავთ ანაშით მკვდარი? ნამდვილად, სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებს ანაშა არ იწვევს, თუმცა მისი რეცეპტორები მოთავსებულია თავის ტვინის ისეთ უბნებში, როგორიცაა ლიმბური სისტემა და დაჯილდოების სისტემის სხვადასხვა ნაწილები. ანუ ეს სისტემები განაგებენ ადამიანის ემოციებს, მეხსიერებას, დასწავლას, ქცევას. სწორედ აქედან არის გამომდინარე, რომ ანაშის რეგულარული მოხმარების შედეგად, ვითარდება ემოციური დარღვევები, ქცევის დარღვევები და ზოგადად, რეგულარული მოხმარების შედეგად, შესაძლებელია, განვითარდეს ადამიანის პიროვნული ნგრევა“, – განაცხადა თათა ასათიანმა.
რაც შეეხება იმას, გადადიან თუ არა ადამიანები მარიხუანას მოხმარების შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე, ნარკოლოგი აცხადებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ეს ასე ხდება.
„ყოველდღიური შეხება მაქვს პაციენტებთან, როცა ვავსებ ანამნეზურ მონაცემებს. 99 %-ისთვის წამალდამოკიდებული ადამიანებისა, პირველ ფსიქოაქტიური ნივთიერებას სწორედ ანაშა წარმოადგენს. აქედან შეგიძლიათ, დასკვნები გამოიტანოთ“,- განაცხდა თათა ასათიანმა.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ თბილისის სკოლებში მოსწავლეები მარიხუანას მოიხმარენ. მოსწავლეების მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტი არასრულწლოვნებმა „კურიერს“ დაუდასტურეს. 120-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მარიხუანას მათი თანასკოლელები ხშირად ეწევიან. მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ კანაფს უფროსკლასელებთან ერთად, მცირეწლოვნებიც მოიხმარენ.
რამდენიმე დღის წინ, მარიხუანა აღმოუჩინეს 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. ტელეკომპანიის ცნობით, როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მოსწავლე რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, გამოიკითხა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები