მამუკა არეშიძე: რუსთაველზე კარვების ფონზე არეულობას გეგმავდნენ, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით გარკვეული პოლიტიკური ძალა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის თემის გამოყენებით ქვეყანაში გარკვეული არეულობის მოწყობას გეგმავდა.
როგორც არეშიძემ “პრაიტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური ძალის სცენარის თანახმად, უნდა მომხდარიყო აფეთება და ეს აფეთქება მსხვერპლით უნდა დასრულებულიყო.
“არჩევნების წინ საქართველოში ყოველთვის ვრცელდება ინფორმაციები დესტაბილიზაციაზე. ხან აქვს ამ ინფორმაციას საფუძველი, ხან არა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ორი ადამიანის უბედურების გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ძალა აპირებდა. მე გვარების დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ ის, რომ არეულობის და დესტაბილიზაციის მცდელობა იყო აი ამ ორი უბედური მამის მდგომარეობით, ეს მაშინვე ჩემთვის ცნობილი იყო. კარვებთან დაკავშირებით იყო საუბარი ექსცესების მოწყობაზე, აფეთქება იქნებოდა ეს თუ სხვა იმისათვის, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება საზოგადოებისა, ანუ ქუჩაში ხალხის გამოყვანა… ახლა როგორც ინფორმაციები მომდის, ასეთი რამ არჩევნების კონტექსტში იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება. ასეთი დეტალური ინფორმაცია თუ არის, ხელისუფლებას მაქსიმალური ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვება, რომ ასეთი რამ აირიდოს. პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ექსცესები თავიდან იქნას არიდებული”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც გვარამიამ ჩანაწერების გამოქვეყნება დააანონსა.

გახარიას თქმით, მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა.

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა შს მინისტრმა.
“რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყალბი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები