ნინო გოგუაძე „თავისუფლების სამიტზე“ საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრებს
19-20 ოქტომბერს, მოლდოვაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ „თავისუფლების სამიტზე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებს.
„თავისუფლების სამიტი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს, ამ ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის და ეკონომიკური განვითარების საკითხებს შეეხება.
„მომავალ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შექმნიდან 10 წელი სრულდება. და ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ ფორმატის შედეგებზე, მის წარმატებებზე თუ გამოწვევებზე საუბარი პარტნიორ ქვეყნებთან. ამ წლებში საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების თვალსაზრისით, როგორიც არის მაგალითად, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გახსნა, უვიზო მიმოსვლა. მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევა – ევროკავშირში ინტეგრაცია, ისევ წინ გვაქვს და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ამაზე სასაუბროდ ევროკავშირის ქვეყნებთან“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
თავისუფლების სამიტში მონაწილეობას იღებენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლიტიკოსები, ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები.