ვიქტორ ჯაფარიძე ჩანაწერებზე: ესენი გვამებს არიან მიჩვეულნი, გვამს ელოდებიან კიდევ
დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანის სიტყვები აგონიაში, სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის სიტყვები იყო, რაც მან არასერიოზულად მიიჩნია.
მისივე თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, შევიდეს პატიმართან და არ არის ვალდებული, ეს ინფორმაცია სხვას გაანდოს.
„ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას – გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.
მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთი და იგივე არ არის?“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, სენსაციაა ის, თუ როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრი საპყრობილეში პატიმართან შევიდა და ამის აუდიოჩანაწერი გაკეთდა.
„მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრის საუბარი პატიმართან. ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ისევ ის „ნაციონალები“, ისევ ამათი მეპატრონეები, ნარჩენები არიან დარჩენილი საპყრობილეებში და ისინი აკეთებენ და უნდათ, რომ რეჟიმში გვაცხოვრონ, მაგრამ არა, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ჩანაწერებზე, ბინძურ მეთოდებზე და დარწმუნებული ვარ, 28 რიცხვი არის არამარტო სვანეთის, არამედ მთელი საქართველოსთვის. არა, შეგვეშვით, დამთავრდა!”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.