“ნაცმოძრაობამ” 100 000 კაციანი აქციის გამართვა გადაიფიქრა – მიზეზად გრიგოლ ვაშაძის მოუცლელობა სახელდება
19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო. ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში იქნება.
„წინასაარჩევნო პერიოდში გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატის ყოფნა. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ, 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფება – სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ 100 000 კაციან მსვლელობას გეგმავდა.
„25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. მანიფესტაციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.