პროკურატურა: ინფორმაცია, რომ “ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულები “ციტრამონს” და “პარაცეტამოლს” ასაღებდნენ, სიცრუეა
ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტყუილი. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი თქმით, აღნიშნული განცხადება მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
„ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ“,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, დღეს „ამბები.ჯიმ“ ბრალდებულ ქეთი მურუსიძის ადვოკატის განმარტება გააჟღერა, სადაც მისი ინტერესების დამცველი გია გოროზია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშმყოფი არა ნარკოტიკს, არამედ „პარაცეტამოლსა“ და „ციტარამონს“ ჰყიდდა.
„ქეთი “კაზინო აჭარასთან” დააკავეს და ის ნარკოტიკის გასაღებას უარყოფს. არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა “პარაცეტამოლს” და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე დანაშაულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი. ვნახოთ რა იქნება”.